რევაზ სოხაძე მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების რეგიონულ დირექტორს შეხვდა
30 აპრილი 2026
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე შეხვდა მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის მდგრადი განვითარების რეგიონულ დირექტორს, სამეჰ ნაგიბ ვაჰბას, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს და წყალმომარაგებისა და წყალარინების სპეციალისტს, სვენ შლუმბერგერს.
შეხვედრაზე მინისტრმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს გააცნო სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ქვეყნის რეგიონებში სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ემსახურება.
მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებით მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე, ასევე განიხილეს ახალი ინფრასტრუქტურული ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობები.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა მსოფლიო ბანკის მნიშვნელოვანი როლი საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებაში და მიმოიხილეს უკვე განხორციელებული პროექტების შედეგები.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, გააღრმავონ პარტნიორობა და უზრუნველყონ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ეფექტიანი განხორციელება.
შეხვედრას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები — მზია გიორგობიანი და გიორგი კობერიძე, ასევე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე ბესიკ ჯიქურაული.